პარიზში სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა პოლიციამ შეაჩერა [ფოტო]
პარიზში სტუდენტებისა და უფროსკლასელების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტებმა საფრანგეთის დედაქალაქის მეხუთე ოლქში საავტომობილო გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები და სპეციალური ტექნიკა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი პარიზიდან იუწყება, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს მსვლელობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. დემონსტრანტები პანთეონის მოედნიდან საფრანგეთის დამსაქმებელთა გაერთიანების შტაბ-ბინის მიმართულებით გადაადგილებას გეგმავდნენ, თუმცა პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ ძალაში დატოვა პოლიციის პრეფექტურის გადაწყვეტილება ამ მარშრუტის აკრძალვის შესახებ.
პოლიციის პრეფექტურის განცხადებით, დემონსტრანტებს მსვლელობის გამართვა მხოლოდ ალტერნატიული მარშრუტით, პორტ-დე-შარანტონიდან პორტ-დე-მონტრეიმდე შეუძლიათ.
უფროსკლასელთა პროფკავშირის პრეზიდენტმა, რიად რანიმ ხელისუფლება დემონსტრაციის უფლების შეზღუდვაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, მთავრობას არ აქვს უფლება, განსაზღვროს, როდის და სად უნდა გამართონ მოსწავლეებმა საპროტესტო აქციები.
სტუდენტები და უფროსკლასელები განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ. მათი მოთხოვნებია განათლების დაფინანსების გაზრდა, სასწავლო პირობების გაუმჯობესება და უნივერსიტეტებში მიღების სისტემის შეცვლა.
საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები აქციების გაგრძელებას გეგმავენ. 5 ნოემბერს საფრანგეთში პროფკავშირების მიერ ორგანიზებული საყოველთაო გაფიცვა და დემონსტრაციებია დაგეგმილი.

