კორონავირუსის საფრთხის გამო, ავსტრალიამ ირანთან მიმოსვლის წესები გაამკაცრა
კორონავირუსის საფრთხის გამო, ავსტრალიამ ირანთან მიმოსვლის წესები გაამკაცრა

კორონავირუსის საფრთხის გამო, ავსტრალიამ ირანთან მიმოსვლის წესები გაამკაცრა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, ავსტრალიაში ჩასვლის მსურველებს პირველი მარტიდან ორკვირიანი საინკუბაციო პერიოდი სხვა ქვეყანაში უნდა ჰქონდეთ გატარებული. რაც შეეხება ირანიდან ჩასულ ავსტრალიის მოქალაქეებს, მათ 14 დღე იზოლაციაში უნდა გაატარონ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ავსტრალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით 25 ადამიანია დაინფიცირებული.

ამასთან, ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსის ფატალური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ირანში ფიქსირდება. ოფიციალური მონაცემებით, ისლამურ რესპუბლიკაში ინფექციით 34 ადამიანი დაიღუპა. თუმცა „ბიბისი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაღუპულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს.