კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა დღეიდან რეგიონებშიც აიკრძალა
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა დღეიდან რეგიონებშიც აიკრძალა

კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში თბილისის გარდა, დღეიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა რეგიონებშიც აიკრძალა.

მათ შორის, მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვა ქალაქების მსგავსად, ფოთშიც საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან მხოლოდ ავტობუსები აგძელებენ მუშაობას.

მიკროავტობუსებმა მუშაობა დილიდან შეაჩერეს. ფოთიდან დღეს არც საქალაქთაშორისო მარშრუტი შეუსრულებულა.

„ჩვენ ორგანიზებულად ვახორციელებთ პრევნციულ სამუშაოებს, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება. ტრანსპორტთან დაკავშირებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სამარშრუტო ტაქსებმა შეწყვიტონ მუშაობა. ქალაქში გვყავს ხუთი ავტობუსი. ისინი დაიტვირთებიან და უფრო მეტ რეისებს გააკეთებენ. გარდა ამისა, ვესაუბრეთ საწარმოების ხელმძღვანელებს და ისინი თავად უზრუნველყოფენ თანამშრომელთა გადაადგილებას ავტობუსების მეშვეობით. დღეს იყო პირველი დღე. მადლობა ყველას, ვინც შეგნებით შეხვდა აღნიშნულ საკითხს“,- განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

დღეიდან მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს რუსთავშიც.

ქალაქში თუ აქამდე 16 ე.წ. ყვითელი ავტობუსი მოძრაობდა, ახლა მათი რაოდენობა 23-მდე გაიზარდა.

ავტობუსები ქალაქში მოსახლეობას დილის 6:00 საათიდან 22:00 საათამდე მოემსახურებიან.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ავტობუსების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მთავრობაში განმარტავენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებიდან მიკროავტობუსი, როგორც უფრო მცირე სივრცის მქონე სატრანსპორტო საშუალება, ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომეტებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად განიხილება.