კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ფოთის საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ფოთის საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული გადაწყვეტილება სააღმზრდელო გაერთიანებამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო.
„ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ, მთელს ქვეყანაში მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები. მერის მეთაურობით შექმნილია საკოორდინაციო საბჭო. შაბათს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესი შეჩერდეს სკოლამდელ დაწესებულებებშიც. შესაბამისად, შევაჩერეთ სასწავლო პროცესი და დავიწყეთ სადეზინფექციო სამუშაოები ყველა ბაღში. სადეზინფექციო სამუშაოებს ჩვენ ვაწარმოებთ სპეციალური საშუალებებით, რომელებითაც ვახორციელებთ იატაკების, მაგიდის ზედაპირების და ზოგადად ყველა იმ საგნის დამუშავებას, რომელთანაც შემხებლობა აქვთ ბავშვებს, აგრეთვე ხდება კვების ბლოკისა და ჭურჭლის დამუშავება. შესაბამისად, ყველა ბაღი უზრუნველყოფილია ამ საშუალებებით და ჩვენი პერსონალი ყველა ჰიგიენური წესისა და ნორმის დაცვით უზრუნველყოფს ამ სადეზინფექციო ღონისძიებების გატარებას“, – განაცხადა სკოლამდელი გაერთიანების ხელმძღვანელმა, მარინა ზარანდიამ.