ევროკავშირის საზღვრები არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის 30 დღით დაიკეტება
კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპელი ლიდერები ევროკავშირის გარე საზღვრების დაკეტვაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის ლიდერებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
ევროკავშირის ლიდერების მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართა. ევროკავშირის საზღვრები 30 დღით დაიკეტება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
გამონაკლისი დაიშვება გრძელვადიანი ბინადრობის მქონე რეზიდენტებისთვის, ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრებისთვის, დიპლომატისთვის, ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის, სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები იმ პირებისთვის, ვინც ევროკავშირის ტერიტორიაზე მუშაობს, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც ტვირთების გადაზიდვას უზრუნველყოფს.
როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, საზღვრების დაკეტვა შეზღუდავს ვირუსის გლობალურად გავრცელებას.