კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოში ცნობილი „ჯექსონ ვინკის“ სპორტული დარბაზი საგანგებო რეჟიმში მუშაობს
შერეული ორთაბრძოლების მსოფლიოში ცნობილი დარბაზი „ჯექსონ ვინკი“ საგანგებო მუშაობაზე გადადის. აკადემიაში, სადაც ნახევრადმძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი ჯონ ჯონსი და ბევრი სხვა ცნობილი ათლეტი ვარჯიშობს, მომხმარებელს განსხვავებული წესებით მოემსახურება.
ალბუკერკში (ნიუ მექსიკო) მდებარე დარბაზმა გადაწყვიტა, მსოფლიოს ჯანდაცვის რეკომენდაციები სრულად გაიზიაროს და საკუთარი მებრძოლების ჯანმრთელობა საფრთხეში არ ჩააყენოს.
„ჯექსონ ვინკი აგრძელებს მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლების მომზადებას. თუმცა, გარკვეული სიახლეები გვექნება. ჩვენ გარკვეული პერიოდით გადავდივართ მხოლოდ დარტყმითი ვარჯიშების ჩატარებაზე. ჭიდაობას კი სიტუაციის გამოსწორების შემდეგ განვაახლებთ, რისკების თავიდან ასაცილებლად. რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში ყოველდღიურად ხდება დარბაზის დასუფთავება და დეზინფექცია.“ – განაცხადა MMAJUNKIE-ისთან საუბარში ჯექსონ ვინქის მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჰალინანმა.
ჯექსონ ვინკის დარბაზში არ იქნებიან დაშვებული ადამიანები, რომლებსაც სიცხე ან გაციებასთან დაკავშირებული რაიმე სახის სიმპტომები აღენიშნება.