კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ზუგდიდში, მრავალბინიან კორპუსებსა და დევნილთა დასახლებებში დეზინფექცია ჩატარდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, ხვალიდან ზუგდიდში მრავალბინიან კორპუსებსა და დევნილთა დასახლებებში დეზინფექცია ჩატარდება. გიორგი შენგელიამ საგანგებო ბრიფინგზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
„ჩვენ ვცდილობთ, იმ ობიექტების დეზინფექციას პირველ რიგში, სადაც არის ვირუსის გავრცელების მეტი რისკი. ასეთ ადგილები არის მრავალბინიანი კორპუსები და დევნილთა ჩასახლებები, სადაც ხვალ 12:00 საათიდან დაიწყება სადარბაზოების დეზინფექცია სრულად. ასევე ყველაგან, სადაც გვექნება შესაძლებლობა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში დეზინფექციას გავაკეთებთ“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, მუნიციპალიტეტში სურსათის საკმარისი მარაგი არსებობს და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არა აქვს. მისი თქმით, ის ზუგდიდში ქსელური და ცენტრალური მარკეტის წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან სურსათის მარაგთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო.
„მინდა, რომ დავამშვიდო ჩემი თანამოქალაქეები, პანიკის საფუძველი არ არსებობს. მცირეოდენი ფასების ზრდა გამოწვეულია ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებებით და ეს არ არის კავშირში კორონავირუსთან. ნებისმიერი პროდუქცია, რომელზეც ადგილობრივ ბაზარზე არის მოთხოვნა, მისი შევსება მალევე ხდება. არანაირი საფრთხე არ არსებობს, რომ სურსათის გარეშე დარჩეს ჩვენი მოსახლეობა. მდგომარეობა არის სტაბილური და გართულებებს არ ველოდებით“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.