კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის აჭარაში დამატებითი ღონისძიებები ხორციელდება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის აჭარაში დამატებითი ღონისძიებები ხორციელდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აჭარაში რეგიონულ დონეზე დამატებითი ღონისძიებები ხორციელდება. სახელმწიფო საზღვარზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკოსთა დამატებითი ჯგუფი მიავლინა. ვირუსის პრევენციის საკითხებზე მსჯელობით დაიწყო აჭარის მთავრობის სხდომა.

„რეგიონის დონეზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რათა სიტუაცია იყოს მაქსიმალურად კონტროლირებადი. უწყებები მუშაობენ კოორდინირებულად. რაც ყველაზე მთავარია, უნდა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირებულობა, რათა ეს გლობალური გამოწვევის რისკი მინიმუმადე იქნას დაყვანილი“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, საზღვარზე ყველა მგზავრის შემოწმების საჭიროება არ არსებობს.

„აჭარაც საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად აქტიურად არის ჩართული პრევენციული ღონისძიებების გეგმაში. დამატებითი ბრიგადით უზრუნველვყავით საზღვარი. ისმოდა კითხვები, რატომ არ მოწმდება ყველა მოქალაქე. ამის აუცილებლობა არ არის. რადგან შემოსვლის დროს საბაჟო სამსახური წინასწარ ფლობს ინფორმაციას, თუ ვის შეიძლება ჰქონოდა რაიმე კავშირი იმ ქვეყნებთან, რეგიონებთან, სადაც არის დაფიქსირებული კორონავირუსი. ამ ეტაპისთვის ჩვენს რეგიონში საეჭვო სიმპტომების შემთხვევა არ არის დაფიქსირებული“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.