კორონავირუსის გამოვლენის გამო, თბილისში საქსოფონისტ ჯიმი საქსის კონცერტი გადაიდო
თბილისში, საქსოფონისტ ჯიმი საქსის კონცერტი გადაიდო. კონცერტი 8 მარტს იყო დაგეგმილი.
ღონისძიების ორგანიზატორის, დავით ფანიაშვილის თქმით, კონცერტის გადადების მიზეზი საქართველოში დადასტურებული ახალი კორონავირუსის შემთხვევა გახდა. საორგანიზაციო ჯგუფმა გადაწყვეტილება კონცერტის გადადების შესახებ, სიფრთხილის ზომების გამო მიიღო.
საორგანიზაციო ჯგუფის ინფორმაციით, მუსიკოსთან ახალ თარიღზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რაც შეეხება ბილეთებს, ვისთვისაც ახალი თარიღი მიუღებელი იქნება, საორგანიზაციო ჯგუფი მზადაა, თანხა უკან დაუბრუნდეს, სხვა შემთხვევაში, შეძენილი ბილეთები ძალაში იქნება.
„საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის საფუძველზე, სტუმრების უსაფრთხოების გამო გადავწყვიტეთ, მოხდეს ღონისძიების გადადება 2020 წლის აპრილის ან მაისის თვისთვის. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყველა ჩართულ მხარესთან და უახლოეს მომავალში გვეცოდინება ყველა ის დეტალი, რომელიც დაკავშირებულია ღონისძიების ჩატარების თარიღსა და სხვა ნიუანსებზე“, – განაცხადა დავით ფანიაშვილმა.