კორონავირუსის გამო, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე 30 დღით საგანგებო სიტუაციის რეჟიმის გამოცხადება იგეგმება
კორონავირუსის გავრცელების გამო, უკრაინაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 30 დღით საგანგებო სიტუაციის რეჟიმის გამოცხადება იგეგმება,- ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
საგანგებო სიტუაციის რეჟიმის გამოცხადების საკითხს მინისტრთა კაბინეტი განიხილავს.
„სტატისტიკა აჩვენებს, რომ დაავადების შემთხვევები უკვე გამოვლენილია და ეს სტატისტიკა, სამწუხაროდ, უარესდება, ამიტომ დღეს მინისტრთა კაბინეტი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საკითხს განიხილავას“, – განაცხადა უკრიანის პრემიერმა.
„გთხოვთ, არ შეგეშალოთ ეს საგანგებო მდგომარეობაში, საგანგებო სიტუაციის რეჟიმის დროს არ იზღუდება მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები“, – დასძინა შმიგალმა.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 113 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 16 ბოლო ერთ დღეში.
გარდაცვლილია სულ ოთხი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი.
საგანგებო სიტუაციის რეჟიმი მანამდე კიევსა და რამდენიმე ოლქში მოქმედებდა, მათ შორის დონეცკის, ტერნოპოლის, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, ივანო-ფრანკოვსკის და ზაპოროჟიეს ოლქებში.