კორონავირუსის გამო, ევროკავშირის საბჭოს მუშაობა შეიზღუდა
კორონავირუსის გამო, ევროკავშირის საბჭოს მუშაობა შეიზღუდა

კორონავირუსის გამო, ევროკავშირის საბჭომ მუშაობა შეზღუდა. ამის შესახებ საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში არის ნათქვამი.

შეზღუდვის ფარგლებში 9 მარტიდან შემცირდება ევროკავშირის საბჭოს, მისი მოსამზადებელი ორგანოებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომების რაოდენობა.  შეიზღუდება სხდომებში მონაწილე დელეგაციების წევრთა რაოდენობაც.  ასევე, შეწყდება ვიზიტორების მიღება და მეორეხარისხოვანი ტრენინგები.

საბჭო თანამშრომლებს შიდა შეხვედრების მაქსიმალურად შეზღუდვასა და რეკომენდებული ჰიგიენური ზომების დაცვას ურჩევს.

გარდა ამისა, გაფართოვდა იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც ევროკავშირის საბჭოს თანამშრომლებს გამგზავრება ეზღუდებათ.

ევროკავშირის საბჭო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ზომები აამოქმედოს.