კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების და ვაქცინების მოწინააღმდეგეებმა ლონდონში საპროტესტო აქცია გამართეს
კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების და ვაქცინების მოწინააღმდეგეებმა ლონდონში საპროტესტო აქცია გამართეს. დემონსტრანტების ნაწილი, რომელიც დახურულ სივრცეში პირბადეების ტარებას აპროტესტებს, ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ვესტფილდის სავაჭრო ცენტრში შეიჭრა.
საპროტესტო აქციის გამო სავაჭრო ცენტრში მაღაზიების ნაწილი დაიხურა.
ბრიტანული მედიის ცნობით, პოლიციამ აქციის მონაწილეები სავაჭრო ცენტრიდან მალევე გააძევა, რის შემდეგაც დემონსტრაცია ლონდონის ერთ-ერთ პარკში გაგრძელდა.
მომიტინგეები ასევე შეკრებილები იყვნენ ლონდონის პარლამენტის მოედანზე. ისინი კოვიდრეგულაციებსა და ასევე ვაქცინაციის პასპორტების შემოღებას აპროტესტებდნენ.
დიდი ბრიტანეთი პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების გაუქმებას 21 ივნისიდან გეგმავს, თუმცა სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის ინდური ვარიანტის გავრცელების გამო გაჩნდა ეჭვები, რომ შეზღუდვების მოხსნის გეგმა შესაძლოა, გადავადდეს.