კორონავირუსის გამო, ჩეხეთი მოგზაურებისთვის 15 ქვეყანასთან საზღვარს დახურავს
კორონავირუსის გამო, ჩეხეთი მოგზაურებისთვის 15 ქვეყანასთან საზღვარს დახურავს

კორონავირუსის გამო, ჩეხეთი მოგზაურებისთვის 15 ქვეყანასთან საზღვარს დახურავს. ამის შესახებ ცნობას „როიტერი“ ავრცელებს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საქმე ეხება იმ ქვეყნებს, რომლებშიც ახალი ტიპის კორონავირუსი მეტნაკლებად არის გავრცელებული.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის განმარტებით, აკრძალვა იტალიას, შვედეთს, საფრანგეთს, ნიდერლანდებს, ბელგიას, ესპანეთს, დანიას, დიდ ბრიტანეთს, შვეიცარიას, ნორვეგიას, გერმანიას, ავსტრიას, ჩინეთს, სამხრეთ კორეასა და ირანს შეეხებათ. ამასთან ერთად, აიკრძალება ცხრაადგილიანზე მეტი საერთაშორისო საჯარო ტრანსპორტებით ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა.

გარდა ამისა, ქვეყანაში აიკრძალება ის ღონისძიებები, რომლებშიც 30-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. დაიხურება სპორტული ცენტრები, სპა სერვისები და გალერეები. რაც შეეხება რესტორნებს, მათ მხოლოდ 20:00 საათამდე უნდა იმუშაონ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ჩეხეთში ახალი კორონავირუსის 109 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.