კორონავირუსის გამო ავსტრალიის პარლამენტის სესია გადაიდო. „ბიბისის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა პარლამენტის სპიკერს მიმართა თხოვნით, გადადოს პარლამენტის ორკვირიანი სესია, რომელიც 4 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო.
ავსტრალიის პარლამენტის სხდომის განახლება 24 აგვისტოს იგეგმება.
„მთავრობა ვერ უგულვებელყოფს იმ რისკს, რომელიც პარლამენტარებს, მათ თანამშრომლებს, პარლამენტში მომუშავე პერსონალსა და უფრ ფართო საზოგადოებას ემუქრება“, – ნათქვამია სკოტ მორისონის წერილობით მიმართვაში.
ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსისა და ვიქტორიის შტატებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა ფიქსირდება, რის გამო შტატებში შეზღუდვები გამკაცრდა.