კორონავირუსის დღეს გამოვლენილ შემთხვევებს შორის ერთი ბოლნისში დადასტურდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დღეს დილით, ლაბორატორიიდან მიღებულმა კვლევის შედეგებმა დაადასტურა. ეს მონაცემი ასახულია კორონავირუსის დადასტურებულ საერთო მონაცემებში.
ბოლნისში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა მამარდაშვილის ინფორმაციით, ახალი შემთხვევა სოფელ სავანეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის მჭიდრო კონტაქტია.
„დღეის მდგომარეობით გვყავს ათი დადასტურებული კორონავირუსული ინფექცია, დღეს დაგვემატა ერთი შემთხვევა. ეს პაციენტი გადაყვანილი იყო მარნეულის საკარანტინო სივრცეში, რაც ნიშნავს იმას რომ ის იყო სავანეთის დადასტურებული შემთხვევის მჭიდრო კონტაქტი, ამიტომ მოხდა მისი გადაყვანა საკარანტინო სივრცეში. გუშინ მოხდა ლაბორატორიული ნიმუშის აღება და დღეს უკვე მივიღეთ პასუხი რომ არის დადებითი. პაციენტი შესაბამისად გადაყვანილი იქნება კლინიკაში თბილისში. დანარჩენი კონტაქტები რჩებიან კარანტინში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა.
ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდათ ბოლნისის ცხელების ცენტრში მოთავსებულ კიდევ სამ პაციენტს, თუმცა მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ. ცხელების ცენტრში ასევე იმყოფება ორი პაციენტი, რომელთაც დღის განმავლობაში აუღებენ ბიოლოგიურ მასალას და ლაბორატორიული კვლევის შედეგები ხვალისთვის გახდება ცნობილი.