კორონავირუსის დღეს დადასტურებულ შემთხვევათაგან ერთი ბოლნისის სასწრაფო დახმარების ექიმია
ბოლნისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, კარანტინში იმყოფებოდა.
დაინფიცირებული მედიკოსი თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მას საკვლევი მასალა კარანტინში ყოფნისას აუღეს და ლაბორატორიული კვლევის შედეგები დღეს დილით გახდა ცნობილი.
ბოლნისში კორონავირუსის დადასტურებული 55 შემთხვევაა დადგენილი. მათგან ერთი გარდაიცვალა, ორი კი გამოჯანმრთელდა და საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.
ამ დროისთვის ბოლნისში თვითიზოლაციაში 392 პირი იმყოფება, 86 კი საკარანტინო რეჟიმშია. ბოლნისში დღეს 251 პირის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.