კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორივე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთს უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი მარეთიდანაა.
არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი გუშინ დადასტურებული ოჯახის კიდევ ორ წევრს დაუდგინდა. ინფიცირებულები არასრულწლოვნები არიან.
რაც შეეხება ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ გუშინ კლინიკაში მიიღეს სამი პაციენტი უკვე დადასტურებული დიაგნოზით, მეოთხე კი საეჭვო სიმპტომებით, რომელსაც გამოიკვლევენ.
ისინი საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნებიან და ერთი ოჯახის წევრები არიან.
შესაბამისად, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 58 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
„საქართველოში გვყავდა 794 დადასტურებული შემთხვევა, შემოგვემატა მხოლოდ ორი დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 796 პაციენტი დადასტურებული. გამოჯანმრთელებული გაიზარდა ათით და ამჟამად გვყავს 634 გამოჯანმრთელბული. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ 80 პროცენტს მიაღწია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
მიისვე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 150 პაციენტი მკურნალობს.
„მკურნალობაზე მყოფი პაციენტები გამოჯანმრთელებულებთან შედარებით უკვე თითქმის სამჯერ ნაკლებია“,- დასძინა ეზუგბაიამ.