ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები შუახნის მამაკაცები არიან. ორივე შემთხვევა იმპორტირებულია. უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები კარანტინში იმყოფებოდნენ.
ამასთან, ორ ახალ შემთხვევასთან ერთად, ბათუმში მცხეთიდან ორი პირი გადაიყვანეს.
„გვაქვს ორი ახალი შემთხვევა. ორივე პირი შემოყვანილია კარანტინიდან. გარდა ამისა, ორი პირი გადმოვიდნენ მცხეთიდან. ისინი თითქმის გამოჯანმრთელების სტადიაში არიან, მაგრამ ერთი აქაურია და მკურნალობის გაგრძელება ბათუმში ისურვა, მეორე კი რუსეთის მოქალაქეა. ისინი მეგობრობენ და ორივე ერთად გადმოვიდნენ ბათუმში. ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ყველა პაციენტი კლინიკაში თავს კარგად გრძნობს“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, გია კიკაბიძემ.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ინფიცირებულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა.