კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ხუთი აჭარაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ხუთი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ხუთი აჭარაში დაფიქსირდა, აქედან ორი თურქეთის მოქალაქე, საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანის მძღოლია. ისინი საკუთარი სურვილით დღეს დილით თურქეთის რესპუბლიკაში გადაიყვანეს.

ამასთან, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გიორგი კიკაბიძის განცხადებით, ორი ინფიცირებული საკარანტინო სივრციდანაა, მათ უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ერთი ინფიცირებული კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„სამი პაციენტიდან, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს, ორი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამჟამად განყოფილებაში რჩება 28 კოვიდინფიცირებული. აქედან 12-ს აღენიშნება პნევმონია, სხვადასხვა ხარისხის. სხვა პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტი არ გვყავს“, – განაცხადა გიორგი კიკაბიძემ.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 19 პაციენტი.