კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი იმპორტირებულია, ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ერთის წყარო ჯერ უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებულია, ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ერთი შემთხვევის წყარო ჯერ უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
„გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1206 დადასტურებული შემთხვევა იყო, დაგვემატა შვიდი და დღევანდელი მონაცემებით, გვაქვს 1213 შემთხვევა.
შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებულია, ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია და მხოლოდ ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე 82 პროცენტია.
„ჩვენს ცენტრში 38 შემთხვევა იყო, გუშინ გამოჯანმრთელდა ექვსი. ახალი პაციენტი არ მიგვიღია და გვყავს 32 დადასტურებული შემთხვევა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.