კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ექვსი გურიის სოფელ ლაითურში გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევიდან ექვსი გურიაში გამოვლინდა. სახელმწიფო რწმუნებულის, ზურაბ ნასარაიას ინფორმაციით, „კოვიდ-19“ სოფელ ლაითურში დაფიქსირდა.
მისივე თქმით, რეგიონში მიზნობრივი და გეგმური ტესტირება გრძელდება.
„24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველა ლაითურის მცხოვრებია და ისინი აქამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ჩვენ გურიაში ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს თვითიზოლაციაში.
დღეს დილით ასამდე პირის ტესტია ლაბორატორიაში გაგზავნილი. სოფელ ლაითურში გადაადგილება კვლავ შეზღუდულია. მიმდინარეობს გეგმური და მიზნობრივი ტესტირება. გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევები“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
გურიის რეგიონში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 156-მდე შემთხვევაა გამოვლენილი.