საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული 24 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულ ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის კარანტინში იმყოფებოდა. შესაბამისად, შემთხვევა იმპორტირებულია.
პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია. აღნიშნულ კლინიკაში უკვე 10 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექვსი პაციენტი შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაწერონ, მათ საკონტროლო ტესტები ჩაუტარდებათ.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 614 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ვირუსი მხოლოდ ერთ პირს დაუდასტურდა.
ბათუმის ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 25 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 34 090 ადამიანს. დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში კარანტინში 2 135 პირი იმყოფება.