საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი ეტაპის მომდევნო ორი მატჩი ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში, ფინეთსა და შვეიცარიაში ელის. თუმცა შესაძლოა, კორონავირუსის პანდემიის გამო საკვალიფიკაციო ეტაპის სისტემა შეიცვალოს.
ამ საკთხთან დაკავშირებით ფიბა-მ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც სწორედ ცვლილება ანონსდება. ტექსტში ნათქვამია, რომ პანდემიის გამო ევროპის მმართველმა საკალათბურთო ორგანიზაციამ გადაწყვიტა ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი ეტაპის ოთხი მატჩი ერთ ქალაქში გამართოს. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს ნოემბრის ფანჯარაში ფინეთთან და შვეიცარიასთან შეხვედრები ერთ ქვეყანაში ექნება – ჩვენი ჯგუფის ოთხივე გუნდი (საქართველო, შვეიცარია, სერბეთი, ფინეთი) ერთ ქალაქში შეიკრიბება და მოკლე შუალედში ორ-ორ მატჩს გამართავს.
რომელი ქვეყანა რომელ ჯგუფს უმასპინძლებს, ჯერ უცნობია. თუმცა ფიბა-ს ოფიციალურ განცხადებაში ისიც წერია, რომ ერთ ქალაქში შეიძლება სულაც რვა ნაკრები შეიკრიბოს – ორი ჯგუფის წარმომადგენლები ერთმანეთის მონაცვლეობით გავიდნენ მოედანზე.
განცხადებაში ნახსენებია რეგიონული პრინციპიც. უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ პრინციპით შეირჩევა მასპინძელი ქალაქები. არის მასპინძლის შერჩევის კიდევ ერთი ვარიანტი – უპირატესობა მიენიჭოს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ნოემბრის ფანჯარაში ორი საშინაო მატჩის გამართვა უწევს. ასეთი ყოველ ჯგუფში ერთი გუნდია. ჩვენს შემთხვევაში – შვეიცარია.
კიდევ ერთი შეკითხვა: როდის გაირკვევა, საბოლოოდ რა სისტემით გაგრძელდება ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი ეტაპი? ამ კვირაში ფიბა-ევროპის ბორდი შეიკრიბება (ონლაინ) და გადაწყვეტილებასაც მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ შესარჩევი ეტაპი თებერვალში დაიწყო, საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩი გამართა და ორივე მოიგო. თბილისში შვეიცარია ოვერტაიმში დაამარცხა, ხოლო ბელგრადში სერბეთს 94:90 აჯობა.