„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი - პირველადი დათვალიერებით, მაღაროში მომხდარ შემთხვევაზე დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება
შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის განცხადებით, ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მომხდარი შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ნაადრევია.
როგორც ჩიქოვანმა პირველ არხს განუცხადა, პირველადი დათვალიერებით დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
„პირველადი დათვალიერებით, შემიძლია ვთქვა, რომ რაიმე დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ყველა წესი დაცული იყო.
მიუხედავად ამისა ჩვენ დაველოდებით გამოძიებას და სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისზეც ბრალეულობა გამოიკვეთება“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რა დროსაც ერთ-ერთი მაღაროელი მაღაროს ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.