კორეის რესპუბლიკის წამყვანმა ტურისტულმა კომპანია NAEILTOUR-მა საქართველოში სამოგზაურო ტურისტული პაკეტების გაყიდვა ქვეყნის მასშტაბით ოფიციალურად დაიწყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორეელ ტურისტებს კომპანია 5-7 დღიან ტურებს სთავაზობს სიღნაღის, თბილისის, მცხეთის, ყაზბეგის, ბორჯომისა და ახალციხის მიმართულებებით.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ზემოხსენებული პაკეტების შემუშავება და მომხმარებლისთვის მათი შეთავაზება საქართველოში გამგზავრების მსურველთა გაზრდილმა რაოდენობამ განაპირობა.
“ბაზრის შესწავლის მიზნით, კომპანიის ევროპული მიმართულების განყოფილების მენეჯერი მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ეწვია საქართველოს და მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით შედგა ტურისტული მარშრუტები.
საქართველოს მიმართ კორეული ტურისტული კომპანიების ინტერესების ზრდა კორეაში საქართველოს საელჩოს აქტიური მუშაობის შედეგია და მიზნად ისახავს საქართველოში კორეელი ტურისტების მოზიდვას”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.