კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთათვის სოფელ დიღომში საცხოვრებლები აშენდება
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის თაობაზე კიდევ ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. პროექტი სოფელ დიღომში განხორციელდება და მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი 5616 კვ. მეტრს შეადგენს.
როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის გადასაცემი ფართის (თეთრი კარკასის მდგომარეობით) მინიმალური ოდენობა 2600 კვ. მეტრია.
კახა კალაძის განცხადებით, დაინტერესებულ პირებს განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ყოველ სამუშაო დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს მომსახურების სივრცეში. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 28 თებერვალი, 18:00 საათი.
„ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით აქამდე, ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე გამოვლინდა ცხრა გამარჯვებული კომპანია, რომლებმაც საერთო ჯამში დაზარალებულებს უნდა გადასცენ 58 300 კვ.მ ფართი თეთრი კარკასის მდგომარეობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.