კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ფართებით დასაკმაყოფილებლად, ინვესტორებისთვის საკონკურსო პირობა განთავსდება
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, მერიის ვებგვერდზე, დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონში, მე-12 და 25-ე კორპუსების მიმდებარედ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ორ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო პროექტის განხორციელებაზე, საკონკურსო პირობა განთავსდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება, ჩვენს ვებგვერდზე გაეცნოს დედაქალაქის მერიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, კონკურსის პირობებს. დარწმუნებული ვარ, ინტერესი ძალიან დიდი იქნება და კონკურსი წარმატებით შედგება. ჩვენ საკონკურსო პირობით გამოცხადებული გვაქვს, რომ 50 ოჯახის უნდა დაკმაყოფილდეს. ვიმედოვნებთ, რომ გამოხატული ინტერესის შედეგად, საკონკურსო პროცესი აღნიშნულ პირობას გააუმჯობესებს და უფრო მეტი ოჯახის დაკმაყოფილებას შევძლებთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, დაინტერესებულ კომპანიებს აღნიშნულ წინადადებებზე გაუმჯობესებული პირობების წარმოდგენა ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ.