კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩის N13-სა და N15-ის მიმდებარედ საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 10 755 კვ. მ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კომპანია „ნიუ სითი დეველოპმენტმა“ გაიმარჯვა.
„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 000-ზე მეტი ოჯახია, რაც სერიოზული პრობლემაა. აღნიშნული ოჯახები ათეული წლებია ამ პრობლემით ცხოვრობენ. ჩვენ აღნიშნული პრობლემის მოგვარება დავიწყეთ და კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა. გამოვყავით მიწის ნაკვეთები, შერჩეულია თბილისის სხვადასხვა რაიონი და ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას. კომპანიები გვთავაზობენ წინადადებებს, ვინ უფრო მეტ ფართს გადასცემს მუნიციპალიტეტს. უკვე რამდენიმე პროექტი წარმატებით განხორციელდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ოჯახების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი სხვა შემთხვევების მსგავსად, დაბალი სარეიტინგო ქულა იქნება.
„არჩილ მეფის ქუჩის N13-სა და N15-ის მიმდებარედ არსებულ 10 755 კვ. მ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში შპს „ნიუ სითი დეველოფმენტმა“ გაიმარჯვა. ქონების მართვის სააგენტოში ორი კომპანიის განაცხადი შემოვიდა. აღნიშნულმა კომპანიამ კი დაზარალებულებისთვის გადასაცემად 9 200 კვ. მეტრის ოდენობის ფართი შემოგვთავაზა. დაზარალებულებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა თავიანთი სოციალური მდგომარეობის შესახებ, რომლის შემდეგაც ფართების გადაცემის რიგითობა განისაზღვრება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.