კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 13 ოჯახს დიდ დიღომში საცხოვრებელი ფართები გადაეცემა
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 13 ოჯახს დიდ დიღომში საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

დიდი დიღმის IV მიკრორაიონში, N12 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, 2 359 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის აშენების შემდეგ, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 13 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია „არქიმედ ჰაუსი“ გადასცემს.

„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის სიახლე გვაქვს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. 3 000-მდე ოჯახი, სახელმწიფოს აღიარებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულია. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ ბინები, რომელიც მათ ეკუთვნით. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა შემუშავებული და ის კრიტერიუმებიც, თუ როგორ უნდა იყოს განსაზღვრული ბინის მიმღებთა რიგითობა. მათი შერჩევის მთავარი კრიტერიუმი დაბალი სარეიტინგო ქულაა. ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, ბინების გადაცემა პირველ ეტაპზე, იმ ადამიანებისთვის მოხდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე მოხდა. მთავარია, რომ მსგავსი პრობლემის მქონე არც ერთი ოჯახი არ დარჩება ბინის გარეშე. მიდგომა ძალიან მარტივი გვაქვს – სხვადასხვა რაიონში გამოყოფილი გვაქვს მიწები, სადაც ვაცხადებთ ტენდერს. გამარჯვებული ხდება ის კომპანია, ვინც უფრო მეტი ბინის ფართს შემოგვთავაზებს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ბინების დარეგისტრირების პროექტთან დაკავშირებით არსებულ სიახლეზეც ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქში, ორ მისამართზე, წლების განმავლობაში მცხოვრებ და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოთხ ოჯახს მერია საცხოვრებელ ფართებს დაუკანონებს.

„იცით, რომ დაწყებული გვაქვს ბინების დარეგისტრირების პროექტი და გასული წლიდან დღემდე, საკმაოდ ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. ეს ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ესენი არიან ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ კონკრეტულ მისამართზე და გარკვეული პრობლემების, შესაძლებელია, ბიუროკრატიული ბარიერების გამოც, ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. მათ თბილისის მერია ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს. ამჯერად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, დიღმის მასივში, VI კვარტალში, N19 კორპუსში მცხოვრებ სამ ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა. აღნიშნულ მისამართზე ეს ოჯახები 30 წელია ცხოვრობენ. ასევე, საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად გადაეცემა თემქის IV მიკრორაიონში, N5 კორპუსში მცხოვრებ ერთ ოჯახს. აბრამიშვილები აღნიშნულ მისამართზე დაახლოებით, 20 წლის განმავლობაში ცხოვრობენ. ვულოცავ ყველა მათგანს ბინების დაკანონებას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.