კონტეინერების კონტროლის პროგრამის მონაწილეებისთვის ბათუმში სასწავლო კურსი ჩატარდა
ქალაქ ბათუმში, გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის – კონტეინერების კონტროლის პროგრამაში ჩართული უწყებების წარმომადგენლებისთვის თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი ჩატარდა.
სასწავლო კურსის ფარგლებში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის და ნიდერლანდების საბაჟოს ეროვნული მიზნობრივი ცენტრის ტრენერებმა, მონაწილეებს საბაჟო გამშვებ პუნქტებში, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, კონტრაბანდული საქონლის არალეგალური ბრუნვის აღკვეთის და ნარკოდანაშაულის გამოვლენის უახლესი ტენდენციები გააცნეს, ასევე გლობალურ სავაჭრო სფეროში კონტეინერების ინსპექტირებისას უსაფრთხოების უზრუნველყოფის თანამედროვე სტანდარტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თეორიული და პრაქტიკული სწავლების პროცესში, მონაწილეებმა განიხილეს დანაშაულის რისკების შეფასებისა და მართვის საკითხები, სინდიკატური დანაშაულის გამოვლენის ეფექტური მეთოდები და საზღვაო პორტებში მიტოვებულ კონტეინერებთან დაკავშირებული რისკები. კურსის ფარგლებში, იმსჯელეს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში სამართალდამცავ სამსახურებს შორის ინფორმაცის გაცვლის მნიშვნელობის და ინტერნეტქსელის, როგორც ინფორმაციის წყაროს გამოყენების მნიშვნელობის შესახებ.
სასწავლო კურსში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენების, ასევე, უკრაინის, კერძოდ, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები და ოდესის ოლქის მებაჟე ოფიცერები მონაწილეობდნენ.
სასწავლო კურსი გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის – კონტეინერების კონტროლის პროგრამის და პროექტის – „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (EU-ACT) საქართველოსა და უკრაინაში“ ორგანიზებით გაიმართა. პროგრამაში ჩართულია ოთხი უწყება: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი და საგამოძიებო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. პროგრამის მოქმედების არეალი კი, მოიცავს საბაჟო გამშვებ პუნქტებს, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს.
კონტეინერების კონტროლის პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქონლის არალეგალური ბრუნვის აღკვეთა, საზღვარზე ნარკოტიკული ნივთიერებების, სტრატეგიული და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის აღმოჩენა, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვა, პროგრამის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა.