იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე ლონდონის „ჩელსის“ წინააღმდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვადაზე ადრე განთავისუფლების გამო სასამართლო დავას აპირებს, – წერს გაზეთი The Times. 48 წლის იტალიელი თანამდებობიდან 2018 წლის 12 ივლისს დაითხოვეს.
კონტეს მიაჩნია, რომ „ჩელსის“ ხელმძღვანელობამ ის ძალიან გვიან დაითხოვა და შიშობს, რომ 2018-19 წლების სეზონისთვის ახალი სამუშაოს პოვნას ვერ მოასწრებს, ეს კი ფინანსურ ზარალს ნიშნავს.
კონტე აპირებს, სასამართლოს მიმართოს და „ჩელსისგან“ 9 მილიონი ფუნტის ოდენობის კომპენსაცია მოითხოვოს. სწორედ ეს თანხა ეკუთვნოდა მას კონტრაქტის ბოლო წლის მიხედვით.
ანტონიო კონტე „ჩელსის“ 2016-18 წლებში ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით, ლონდონელები ინგლისის ჩემპიონები გახდნენ და ქვეყნის თასი მოიგეს.