კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნაზე პარლამენტმა დადგენილება გამოსცა
საქართველოს პარლამენტმა გამოსცა დადგენილება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ.
დადგენილება დღეს 19 ივლისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.
დადგენილების თანახმად შეიქმნა საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია ცხრა წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით: შალვა პაპუაშვილი – საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე); ლევან იოსელიანი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (კომისიის მდივანი); ანრი ოხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; მიხეილ სარჯველაძე – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ფრიდონ ინჯია – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე; იაგო ხვიჩია – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“თავმჯდომარე; პაატა მანჯგალაძე – საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ნინო იობაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი; ანა ნაცვლიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია კომისიის სხდომებზე დასასწრებად მოიწვიოს სხვა პირებიც.
დადგენილებას, რომელიც 18 ივლისითაა დათარიღებული ხელს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აწერს.