კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის პროცესში არასამთავრობო სექტორი და სახალხო დამცველი ერთვებიან
კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის პროცესში არასამთავრობო სექტორი და სახალხო დამცველიც ერთვება.
კანონებში განსახორციელებელ ცვლილებებზე მათ დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესაუბრა.
ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლითაც კანონი კონსტიტუციასთან უნდა მოვიდეს შესაბამისობაში.
ცვლილებით იზრდება იმ პირთა წრე, რომელთაც შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა ეკრძალებათ. შეიარაღებული ძალებისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს ემატება პენიტენციური, საგანგებო სიტუაციებისა და გარემოს ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლები.
არასამთავრობო სექტორი და სახალხო დამცველი მიიჩნევენ, რომ შემზღუდავი ნორმა ერთიანად ყველა ამ სამსახურში დასაქმებულს არ უნდა შეეხოს.
„რამდენიმე შენიშვნა გვაქვს. პირველ რიგში, უწყებების ჩამონათვალი არის ვრცელი. მივიჩნევთ, რომ ყველა არ უნდა შედიოდეს ამ ჩამონათვალში. ყველა დასაქმებულ პირს არ უნდა ეკრძალებოდეს შეკრებებში მონაწილეობა, რადგან თავისი არსით ყველა მათგანი არ ახორციელებს იმ საქმიანობას, რაც აკრძალვასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, საზოგადოებრივ ან სახელმწიფო უსაფრთხოებაზე არ მუშაობს ყველა თანამშრომელი, რომელიც ამ უწყებაშია დასაქმებული. ასევე ვთვლით, რომ აპრიორი ყველა შემთხვევაში აკრძალვაც არის გაუმართლებელი, ეს მაღალი სტანდარტი, რომელსაც ვენეციის კომისია და ეუთო-ს სახელმძღვანელო პრინციპები ამბობს. ამ საკითხზეც უნდა ვიმსჯელოთ- მათ ყველა ტიპის შეკრებაში მონაწილეობა უნდა ჰქონდეთ აკრძალული თუ პოლიტიკური ან ისეთი ტიპის შეკრებებზე, რაც მათ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს უქმნის საფრთხეს”, – განუცხადა პირველ არხს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.
მმართველი გუნდი მზად არის უფლებადამცველთან ერთად იმსჯელოს ყველა იმ ცვლილებაზე, რაც კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის პროცესში სხვადასხვა კანონში უნდა განხორციელდეს.
“ცვლილებების მიზანი რამე უფლების შეზღუდვა არ ყოფილა. პირიქით, ჩვენმა კონსტიტუციამ ადამიანის უფლებების ძალიან მაღალი სტანდარტი დაადგინა და მხოლოდ და მხოლოდ კანონმდებლობაში თარგმნის პროცესს გავდივართ. არ გამოვრიცხავ რომ ჩვენ ცვლილებები შევიტანოთ იმ პროექტებში, რომლებიც იყო ინიცირებული, ან შესაძლოა, გამოვიხმოთ კიდეც, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. მიზანი არის, რომ არანაირი კითხვები ჰარმონიზაციის პროცესში არ დავუტოვო ჩვენ საზოგადოებას“, – აცხადებს ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.
დღევანდელ შეხვედრაზე საბოლოო გადაწყვეტილება შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე არ მიუღიათ.
კანონების კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის პროცესის დასრულებამდე არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა საკანონდებლო ორგანოში სავარაუდოდ კიდევ ერთხელ გაიმართება.