კონსტანტინე სურგულაძე - იტალიიდან საქართველოს 150-ზე მეტი მოქალაქე უკვე სამშობლოში გამოემგზავრა​
კონსტანტინე სურგულაძე - იტალიიდან საქართველოს 150-ზე მეტი მოქალაქე უკვე სამშობლოში გამოემგზავრა​

იტალიიდან საქართველოს 150-ზე მეტი მოქალაქე უკვე სამშობლოში გამოემგზავრა​, – ამის შესახებ იტალიაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ განაცხადა.

როგორც კონსტანტინე სურგულაძემ აღნიშნა, იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ჰქონდათ ნაყიდი ბილეთი და რეისები გაუუქმდათ პირდაპირი ფრენების შეჩერების გამო, საქართველოს მთავრობის დახმარებით თბილისში მოემგზავრებიან.

მისივე თქმით, ბევრ მოქალაქეს ჰგონია, რომ საერთაშორისო ფრენებიც აკრძალულია, თუმცა ყველას შეუძლია, მესამე ქვეყნის გავლით დაბრუნდეს სამშობლოში.

„მინდა მოვუწოდო ქართველებს, რომ დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების იმ განკარგულებებს და რჩევებს, რასაც ჩვენ – დიპლომატები ვემორჩილებით. მეორე – ნუ აყვებიან უსაფუძვლო პანიკას. თუ რაიმე საკითხებია გასარკვევი, ჩვენთან შეუძლიათ დარეკონ. მაქსიმალურ ინფორმაციას მივაწვდით“, – განაცხადა სურგულაძემ.

2020 წლის 6 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იტალიის რესპუბლიკასთან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერების შესახებ. მთავრობისვე გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს იმ მოქალაქეების გამომგზავრებას საქართველოში, რომლებსაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში შეძენილი ჰქონდათ დასაბრუნებელი ბილეთი და ფრენების გაუქმების გამო ვერ შეძლეს საქართველოში დაბრუნება.