კონსტანტინ ზატულინი - რუსეთისა და ბელარუსის სახელმწიფოების კავშირში აფხაზეთის გაწევრიანება შექმნის პირობებს, რათა გადაიჭრას რუსებისთვის უძრავი ქონების შეძენის საკითხი
რუსეთის დუმის დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინ ზატულინის განცხადებით, რუსეთისა და ბელარუსის სახელმწიფოების კავშირში აფხაზეთის გაწევრიანება შექმნის პირობებს, რომ რუსებისთვის უძრავი ქონების შეძენის საკითხი გადაიჭრას. ამის შესახებ კონსტანტინ ზატულინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„მე მომხრე ვარ, რომ ეს მოხდეს. მივიჩნევ, რომ ეს შექმნის აქტუალური საკითხებისთვის ახალ პირობებს. ჩვენ აფხაზეთთან ერთად დავიწყეთ პარლამენტაშორისი ჯგუფების მუშაობა, რომლითაც ვცდილობთ, მაგალითად, გავამარტივოთ აფხაზეთ-რუსეთის საზღვრით გავლის პროცედურები და იქ ჩვენ მოვიყვანეთ მაგალითად რეჟიმი, რომელიც არსებობს რუსეთისა და ბელარუსის საზღვარზე საკავშირო სახელმწიფოების ფარგლებში. თუკი დადასტურდება აფხაზეთის სურვილი, გაწევრიანდეს სახელმწიფოთა კავშირში და მოხდება მისი რეფორმირება, გამოჩნდება მწვანე შუქი, რომ ეს საკითხი ამ გზით გადაიჭრას. აფხაზეთი თუ საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდება, მხარეებს ასევე გაუადვილდებათ შეთანხმება, რომ ამ ქვეყანაში რუსები იყიდიან მიწას“, – განაცხადა ზატულინმა.
ამასთან, ზატულინის თქმით, მიწის საკითხზე აფხაზურ საზოგადოებაში არსებობს შიშები, რაც აფერხებს აფხაზეთის განვითარებას.
„აფხაზეთის ოპოზიცია ცდილობს ეჭვების გაჩენას: ამბობენ, რომ თუ ეს მოხდება, ხვალ აფხაზები დაკარგავენ სახელმწიფოზე კონტროლს, მაგრამ აფხაზეთიდან ხომ მიწას ვერავინ წაიღებს და ასეთი შიშები, ფაქტობრივად, აფერხებს აფხაზეთის განვითარებას“, – აცხადებს ზატულინი.