კონსტანტინ კოსაჩოვი - თუ საქართველოში NATO-ს სამხედრო ძალები განთავსდება, რუსეთი ადეკვატურ საპასუხო ზომებს მიმართავს
რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვის თქმით, თუ საქართველო NATO-ს წევრი გახდება და საქართველოში ალიანსის სამხედრო ძალები განთავსდება, რუსეთი ადეკვატურ საპასუხო ზომებს მიმართავს და შესაბამისი სამხედრო სამზადისი რუსეთის მხრიდანაც დაიწყება.
„საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში, თბილისის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობების ნორმალიზება არარეალური გახდება, ასეთ შემთხვევაში საქართველოზე გავრცელდება ალიანსის სამხედრო მზადების პროგრამები, განლაგდებიან ახალი ტიპის შეიარაღება და ალიანსის ქვედანაყოფები. ეს ყველაფერი კი სამხრეთ კავკასიაში ახალ დაძაბულობას შექმნის და რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომებს გამოიწვევს. თუ რუსეთის საზღვრებთან ალიანსის ახალი სისტემები განლაგდება, მაშინ მოსკოვი მიმართავს ყველა ზომას რუსეთისა და მისი მოკავშირეების დასაცავად“, – განაცხადა კოსაჩოვმა.
მისივე თქმით, რუსეთი არასდროს ემუქრებოდა და ახლაც არ ემუქრება საქართველოს, ხოლო ის ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერენ, მხოლოდ მოკლევადიან პოლიტიკურ დღის წესრიგს მისდევენ.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 17 ივლისს, ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება.