კონსერვატორიის დიდ დარბაზში საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან-ამაღლებამდე“ კონცერტი ჩატარდა
კონსერვატორიის დიდ დარბაზში საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან-ამაღლებამდე“ კონცერტი ჩატარდა. 13-წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალზე წელს პირველად, იანო ალიბეგაშვილმა, გერმანიიდან მოწვეულ სექსტეტთან ერთად „ბაროკო მუსიკა“ შეასრულა. ქართველი სოპრანო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია და როგორც მან პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, პროგრამა წელსაც მრავალფეროვანია და თბილისსა და რეგიონებში საოპერო და ხალხური მუსიკის ათამდე კონცერტს მოიცავს.
„ვცდილობ, რომ სხვადასხვა ხასიათი წარმოვაჩინო ამ ფესტივალში და ყოველ წელს მრავალფეროვანი იყოს. სწორედ წელს არის, რომ მე თვითონ, რომელიც აქამდე ფესტივალში მხოლოდ საოპერო საღამოებზე ვმონაწილეობდი, წელს მუსიკალურ სექტსეტთან ერთად, ბაროკო მუსიკის საღამო გავაკეთე. სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესო იყო, ეს ჩემთვის სიახლეა“, – განაცხადა იანო ალიბეგაშვილმა.
გარდა ამისა, ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი პერსონა წელს მუსიკოსი დათო ევგენიძეა, რომელიც მსმენელებისთვის ოთხ კონცერტს გამართავს.
ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში იწყება წელს მეცამეტედ ტარდება და 17 მაისს ამაღლების დღესასწაულზე დასრულდება.
წლევანდელი ფესტივალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს ეძღვნება.