კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ პირველი ეტაპისთვის განცხადებების მიღება დაიწყო
კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ პირველი ეტაპისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

თბილისის მერიის მიერ დაარსებული კონკურსის – „შემოქმედებითი თბილისი“ პირველი ეტაპისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, განაცხადების წარდგენა შესაძლებელია სამი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება, დიზაინი და რეწვა.

მისივე თქმით, განაცხადების წარდგენა 27 თებერვლის ჩათვლით არის შესაძლებელი.

„რაც შეეხება მედიაარტის მიმართულებას, აქ განაცხადების მიღება ოდნავ შეცვლილი მოთხოვნებით, მოგვიანებით იგეგმება, რის შესახებაც აუცილებლად გაცნობებთ. დამატებითი ინფორმაციის მიღებას და განაცხადების ატვირთვას მსურველები შეძლებენ კონკურსის ვებგვერდზე www.culture.tbilisi.gov.ge. აღსანიშნავია, რომ 3 წლის განმავლობაში, რაც კონკურსი არსებობს, შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა სფეროში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დაფინანსდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა, მთავრობის სხდომის შემდეგ კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას და მონაწილეობის მსურველებს.