კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
კონკურსის რიგით მეათე დაჯილდოვების ცერემონიალი დღეს, თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს გაიმართა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ექვს საპრიზო კატეგორიაში 2021 წლის გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, კატეგორიები მოიცავდა ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა კიდევ ერთ საპრიზო კატეგორიაში გადასცა პრიზი კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებულ ჟურნალისტიკაში, რომელიც ნდობის აღდგენასა და მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის პრიზის მნიშვნელობას.
„ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მე-10 წლისთავი ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე იმართება. არაპროვოცირებული და გაუმართლებელია ომი, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს.
მიუხედავად იმისა, რომ წელს სადღესასწაულო განწყობა არ გვაქვს, გვსურს, ღირსეულად დავაფასოთ პროფესიონალი, პატიოსანი და თამამი მედია.
წელს ჩვენ, 3 მაისს პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ იმ პირობებში, როდესაც უკრაინელი ჟურნალისტები საკუთარ სიცოცხლეს რუსეთის ბარბაროსული ქმედებების შესახებ სიმართლის გასავრცელებლად სწირავენ, და როდესაც რუსეთმა კიდევ უფრო შეზღუდა პრესის თავისუფლება და საკუთარ მოსახლეობას დეზინფორმაციითა და პროპაგანდით კვებავს.
ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მიზანი ალბათ არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც ახლა, ვინაიდან დღეს გვაქვს ბევრად უფრო ძლიერი მიზეზი იმისათვის, რომ დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც სიმართლეს მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ემსახურებიან.
ამ მიზნით, მე დღეს სიამაყით მინდა გამოვაცხადო რიგით მე-11 კონკურსი ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. როგორც ყოველთვის, ვიმედოვნებთ, რომ ეს კონკურსი ემსახურება, როგორც გამოცდილი ჟურნალისტების აღიარებას და შთაგონებას, ასევე ახალბედების მოზიდვას ამ ძალიან მნიშვნელოვან პროფესიაში”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა სპეციალური პრიზის მნიშვნელობა.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, დღეს უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე, უკრაინაზე რუსული აგრესიის ფონზე. ეს არის ტრაგიკული შეხსენება, რომ მშვიდობა ევროპაში არ შეიძლება ჩაითვალოს მოცემულობად.
კონფლიქტის სენსიტიური გაშუქებით ჟურნალისტებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ნდობის აღდგენასა და კონფლიქტის მოგვარებაში. სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ყოველწლიური პრიზით, ჩვენ აღვნიშნავთ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც საკუთარი ნამუშევრებით ხელს უწყობენ მშვიდობის შენარჩუნებას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში“, – განაცხადა მარეკ შჩიგელმა.
„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2021 წლის კონკურსის გამარჯვებულები არიან:
ანასტასია სლოვინსკაია – რადიო თავისუფლება, კატეგორიაში „საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში“;
თამარ ბაბუაძე – ინდიგო, კატეგორიაში „საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში“;
ზურაბ მოდებაძე – თავისუფლების მონიტორი, კატეგორიაში „საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში“;
ხატია ღოღობერიძე – on.ge, კატეგორიაში „საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში“;
თინათინ ნაჭყებია – ინდიგო, კატეგორიაში „ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში“;
გიორგი შენგელია – ინდიგო, კატეგორიაში „დოკუმენტური ფოტო, რომელიც ასახავს ევროკავშირის ფასეულობებს“;
ზვიად მჭედლიშვილი – newcaucasus.com, კატეგორიაში „კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი“.
პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 6 000 ლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი გაივლის ერთთვიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ლონდონში.