განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიხეილ თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „ახალი ქართული პიესა 2019“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
I პრემია – ანამარია გურგენიშვილი – „ბოიციდი“
II პრემია – დავით ტურაშვილი – „არის ასეთი ქალაქი“
III პრემია – გურამ მაცხონაშვილი – „Asap“
თუმანიშვილის ფონდმა პროექტი „ახალი დრამატურგია“ 2006 წელს დაიწყო. ის ორი კონკურსისგან შედგება – „ახალი ქართული პიესა“ და „თარგმნილი პიესა“. კონკურსები ყოველწლიურია და მონაცვლეობით ტარდება.
სამ გამარჯვებულს ფულადი პრემიები და ფონდის პრიზი „თუმანიშვილის ვაშლი“ გადაეცა. „თუმანიშვილის ვაშლი“ – დამატებითი პრიზი – განსაკუთრებულად საინტერესო ნაშრომისთვის პროექტის მონაწილეს გოგი ყაჯრიშვილს გადაეცა.
კონკურსი „ახალი ქართული პიესა 2019“ წელსაც, ტრადიციულად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ქართულ თეატრალურ სამყაროს 500-ზე მეტი ახალი პიესა შეემატა, რომელთა დიდი ნაწილი თეატრებში უკვე დადგმულია.
თუმანიშვილის ფონდი 1998 წელს 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს შეიქმნა. მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია მანანა ანთაძე.