კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ელექტრონული კომერციის ბაზარზე ექსკლუზიური პირობების დაწესებაზე მოკვლევა დაიწყო
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ელექტრონული კომერციის ბაზარზე ექსკლუზიური პირობების დაწესებაზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ელექტრონული კომერციის ბაზარზე ექსკლუზიური პირობების დაწესებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

სააგენტოს ინფორმაციით, თემა ეხება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) სავარაუდო დარღვევის ფაქტს. კერძოდ, „მასტერქარდის“ ბარათის მფლობელებისთვის მხოლოდ „თინეთის“ კუთვნილ ვებპორტალზე – www.swoop.ge ექსკლუზიურად ხდებოდა ფასდაკლებების შეთავაზება კონკრეტული პროდუქტების რეალიზაციისას. შესაბამისად, სააგენტომ სავარაუდო დარღვევის შესახებ მოკვლევა უცხოური საწარმოს ფილიალის, „მასტერქარდის წარმომადგენლობა საქართველოს“ და შპს „თინეთის“ მიმართ დაიწყო.

„სავარაუდო დარღვევის შესახებ ინფორმაცია სააგენტოში კომპანია „რეშენალ სოლუშენსის“ (www.hotsale.ge) მიერ იქნა მოწოდებული. მოგვიანებით კომპანიამ მის მიერ წარმოდგენილი საჩივარი გაიხმო, თუმცა მასში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებისა და თანდართული მტკიცებულებების საფუძველზე სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გონივრული ეჭვი წარმოიშვა. შესაბამისად, სააგენტომ, საკუთარი ინიციატივით, საქმის მოკვლევა დაიწყო“, – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, 2023 წელს, სააგენტომ რვა მოკვლევის საქმე დაასრულა, სადაც სამ შემთხვევაში შეთანხმებული ქმედება დადგინდა; ორ შემთხვევაში – ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვა, ერთ შემთხვევაში – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. ერთ შემთხვევაში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება არ დადასტურდა, ხოლო ერთ შემთხვევაში მოკვლევა მომჩივნის განაცხადის საფუძველზე შეწყდა. ამ დროისთვის მიმდინარე რეჟიმშია ოთხი მოკვლევა.