კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო კონკურენტულ გარემოს თხილის ბაზარზე დადებითად აფასებს
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო კონკურენტულ გარემოს თხილის ბაზარზე დადებითად აფასებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, თხილის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ 2020-2023 წლებში ხუთი მსხვილი ექსპორტიორი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი ბაზრის ექსპორტის დონეზე 37%-დან 47%-მდე მერყეობდა.

თხილის ექსპორტი საქართველოდან ყველაზე დიდი ოდენობით ხორციელდებოდა იტალიაში (32%), რომელსაც მოჰყვება გერმანია (20%), სომხეთი (7%) და რუსეთი (4%).

საქართველოდან 2020 წელს – 289,8 მლნ. ლარის ღირებულების 16 675 ტონა, 2021 წელს – 365.7 მლნ. ლარის ღირებულების 23 465 ტონა, 2022 წელს – 277.1 მლნ. ლარის ღირებულების 21 848 ტონა, ხოლო 2023 წელს 219.2 მლნ ლარის ღირებულების 16 169 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა ამ პერიოდში 65-80 ერთეულის ფარგლებში მერყეობდა.

სააგენტოს შეფასებით, ბაზარი დაბალკონცენტრირებულია. 5 მსხვილი კომპანიის ჯამური წილი შესასწავლ პერიოდში 47%-ს არ აღემატებოდა, ბაზარზე არ ფიქსირდება დომინანტი ეკონომიკური აგენტი და ასევე, ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით. ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობის, მსხვილი კომპანიების წილობრივი მაჩვენებლების და კონცენტრაციის ინდექსის გათვალისწინებით, ბაზარი კონკურენტულია.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან ხორციელდება 2 ტიპის თხილის ექსპორტი – ნაჭუჭგაუცლელი და ნაჭუჭგაცლილი. 2020-2023 წლებში ქვეყნიდან ძირითადად ხორციელდებოდა ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტი. 5 ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი კომპანიის წილი ნაჭუჭგაცლილის საერთო ექსპორტში დაბალია და 31-39%-ს შეადგენდა.

ნაჭუჭგაუცლელი თხილის შემთხვევაში ბაზარი მაღალკონცენტრირებულია, სახეზეა დომინანტი ეკონომიკური აგენტი, თუმცა დამატებითი შესწავლის შემთხვევაში დადგინდა, რომ ბაზრის ამგვარი სტრუქტურა რიგი ობიექტური გარემოებებით არის განპირობებული. შესაბამისად, არ არსებობს კონკურენტულ გარემოზე კონცენტრაციის ამგვარი ხარისხის უარყოფითი გავლენა.

GCCA-ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დეტალური ანალიზისა და მრავალმხრივი შეფასების საფუძველზე, მონიტორინგის ფარგლებში თხილის ბაზარზე კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ იკვეთება. შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, შემდგომი დაკვირვების მიზანშეწონილობა არ არსებობს.