კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრე ვალდებულია, მომსახურება ქართულ ენაზე განახორციელოს
კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრე ვალდებულია, მომსახურება ქართულ ენაზე განახორციელოს

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მოქალაქე ლანა ყანჩელის განცხადების საფუძველზე, „ვეტერინალურ ცენტრ ზოოპლაზას“ მიმართ დაწყებული საქმის შესწავლა – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაასრულა.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, საქმის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ მოვაჭრესთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებში მოვაჭრეს დაევალა იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ზიანი მიადგა.

„კერძოდ, საქმის შესწავლის პროცესში მოვაჭრემ აიღო ვალდებულება, მომხმარებელს მომსახურება ქართულ ენაზე გაუწიოს. ასევე, ინფორმაცია და წერილობითი დოკუმენტები ქართულ ენაზე მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს.

გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია, განხორციელებული ქმედებების შესახებ ერთი თვის ვადაში სააგენტოს შესრულებული ვალდებულებების მტკიცებულებები წარუდგინოს.

მსგავსი ტიპის საქმეებში, საკითხის შინაარსობრივი ნაწილის გათვალისწინებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან აქტიურად თანამშრომლობს.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 194 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 118 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო, ხოლო 109 საქმესთან დაკავშირებით საკითხი დასრულებულია. ხუთი თვის განმავლობაში კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 49 საქმეზე 28 შეთანხმება გააფორმა, საიდანაც 11 საქმესთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების ხუთი დარღვევის ფაქტი 16 საქმეზე, ხოლო ორ შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა“, – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.