კონკურენციის სააგენტომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე მორიგი მოკვლევა დაიწყო
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, შპს „Free spirit tours“-ის მიერ შემოტანილი საჩივრის საფუძველზე, რომელიც არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ქმედებების შესაძლო ფაქტს ეხება, მოკვლევა დაიწყო, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მომჩივანი სააგენტოში წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ კონკურენტი კომპანიის მხრიდან ადგილი აქვს მისი კუთვნილი კომერციული საიდუმლოების თანხმობის გარეშე მოპოვებისა და გამოყენების ფაქტს.
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სააგენტოს კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, საჩივარში დასმული საკითხების დეტალურ შესწავლას განახორციელებს.
„კონკურენციის სააგენტომ 2020 წელს დაასრულა ორი მოკვლევა, ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყების ფაქტი, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრა შესაბამისი სანქცია, მეორეში კი დადასტურდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. ამ დროისათვის მიმდინარეობს ოთხი მოკვლევის პროცესი. ამავე პერიოდში, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა ხუთი ბაზრის მონიტორინგი, მიმდინარეობს კიდევ სამის მონიტორინგი. ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ გაიცა ერთი თანხმობა“, – აცხადებენ კონკურენციის სააგენტოში.