კონკურენციის სააგენტო - ტურისტულ კომპანიებს შორის დავაში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი არ დადასტურდა
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე მორიგი მოკვლევა დაასრულა. საკითხი ეხებოდა ტურისტული კომპანია „Free spirit tours“-ის საჩივარს, რომლის მიხედვითაც კონკურენტი კომპანია „სფინქს თრეველის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა კომპანიის სავაჭრო ინფორმაციის და კომერციული საიდუმლოების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ფაქტს.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ დეტალურად იქნა შეფასებული საერთაშორისოდ აღიარებული და უცხო ქვეყნების სამართლის რელევანტური ნორმების შინაარსი სავაჭრო ინფორმაციასა და კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებით. სააგენტოს მიერ შედარებულ იქნა ორივე მხარის მიერ გამოქვეყნებული ვიდეორგოლებისა და რეკლამის მსგავსება. განთავსებულ ინფორმაციებს (მათ შორის, სავაჭრო ინფორმაციებს) შორის არსებითი მსგავსება არ დგინდება.
„შესაბამისად, მოკვლევის პროცესში დადგინდა, რომ შპს „Free spirit tours“-ის მიერ დასახელებული ინფორმაცია – ტურისტული პროგრამები (მარშრუტები და დროითი დაგეგმარება), სარეკლამო სტრატეგია და კლიენტთა შესახებ ინფორმაცია, მათი არსიდან გამომდინარე, არ შეიძლება წარმოადგენდეს კომერციულ საიდუმლოებასა და სავაჭრო ინფორმაციას. აღნიშნული პროგრამა საჯაროდ ცნობილი და ადვილად ხელმისაწვდომია, ხოლო კლიენტთა შესახებ ინფორმაცია განეკუთვნება დასაქმებულის გამოცდილებასა და შეძენილ უნარებს. შედეგად, ზემოთ მოყვანილი გარემოებების საფუძველზე სააგენტომ დაადგინა, რომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან ადგილი არ აქვს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის – კეთილსინდისიერი კონკურენციის დარღვევის ფაქტს.
სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2021 წელს – კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე 3 მოკვლევიდან დასრულდა 2 საქმე, ერთში დადგინდა კომპანიებს შორის შეთანხმებული ქმედება და 4 კომპანიაზე შესაბამისი სანქცია გაიცა, მეორე საქმეში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი არ დადასტურდა. ამჟამად, მიმდინარე რეჟიმშია ერთი მოკლევის პროცესი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე. ასევე, უწყების დაკვირვების ქვეშ რჩება – საავტომობილო საწვავის და ფარმაციის ბაზრის მონიტორინგები“, – ნათქვამია განცხადებაში.