კონკურენციის სააგენტო „ტავ ჯორჯიასგან“ ტაქსების კონკურსზე ინფორმაციას ითხოვს
კონკურენციის სააგენტო „ტავ ჯორჯიასგან“ ტაქსების კონკურსზე ინფორმაციას ითხოვს

კონკურენციის სააგენტომ „ტავ ჯორჯიასგან“ აეროპორტის ტაქსებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„საქართველოს კონკურენციის სააგენტოსათვის, ინტერნეტ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, ცნობილი გახდა, რომ „ტავ ურბან საქართველომ“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიურად გაწევის თაობაზე ინტერესი გამოთქვა. გამომდინარე იქედან, რომ საკითხი მგზავრთა გადაყვანის ექსკლუზიური უფლების მინიჭებას ეხება, კონკურენციის სააგენტოს მიზანია შესაბამისი კომპანიის შერჩევის პროცესში კონკურენციის წესები და პირობები სრულად იყოს დაცული. თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით, სააგენტომ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა მოითხოვა. კერძოდ, რა ფორმით გეგმავს „ტავ ურბან საქართველო“ შესაბამისი გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას და შერჩევას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კონკურენციის სააგენტომ „ტავ ურბან საქართველოს“ განუმარტა, რომ მგზავრთა გადაყვანის მომსახურების გამწევი კომპანიისათვის ექსკლუზიური უფლების გადაცემა საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის სრული დაცვით უნდა განხორციელდეს.

„ტავ ჯორჯიამ“ თბილისის აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიურ მომსახურებაზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა და დაინტერესებული კომპანიების განაცხადების მიღება 16 აგვისტომდე მიმდინარეობს.