კონკურენციის სააგენტო - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით იანვრის თვეში სააგენტოში შემოსული განაცხადების 73% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში 2024 წლის იანვრის თვეში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 60 განაცხადი დაფიქსირდა.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების ერთი დარღვევის ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო ორ მოვაჭრეს 1 200 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 14 საქმეზე 13 შეთანხმება გაფორმდა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება. საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
„მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 73% ონლაინვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 27% – ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 92%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილებს იკავებენ: ქვემო ქართლი – 4%, შიდა ქართლი – 2% და გურია – 2%.
მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე დაფიქსირდა – 17, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე – 14, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე – 14, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე – ექვსი, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე – ოთხი, ხოლო სხვა დანარჩენზე – ხუთი განაცხადი.
საანგარიშო პერიოდში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 76%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება – 13%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება – 2%-ს, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება – 2%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა – 7%-ს.
თუ თვლით, რომ თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ, დარეკოთ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცხელ ხაზზე – 598 05 44 22, ან მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე – [email protected]“, – აღნიშნულია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციაში.