კონკურენციის სააგენტო - იანვრიდან მაისის ჩათვლით მომხმარებელთა უფლების 28 დარღვევა დადასტურდა, პრეტენზია ყველაზე მეტად ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე ფიქსირდება
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში 2024 წლის პირველი იანვრიდან მაისის თვის ჩათლით მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით 348 განაცხადი დაფიქსირდა. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 28 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 46 საქმეზე.
„სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 16 მოვაჭრეს 22 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში, 17 512 ლარი.
მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 60 საქმეზე 55 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 32% – ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 88%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა – 3%-ით, რომელსაც მოჰყვება იმერეთი და კახეთის რეგიონები.
მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე დაფიქსირდა – 109, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე – 108, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე – 59, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე – 18, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე – 17, ხოლო სხვა დანარჩენზე 37 განცხადება.
საანგარიშო პერიოდში 74%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს; ტრანსპორტი და დასაწყობება – 10%-ს; ხელოვნება, გართობა და დასვენება – 4%-ს; ხოლო სხვა სახის საქმიანობა – 12%-ს.
მომხმარებლის უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა – gcca.gov.ge და გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე [email protected]. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ სააგენტოს ცხელ ხაზზე 15 20“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.