კონკურენციის სააგენტო - 2022 წლის მეორე კვარტალში კომპანიების 4 902 კონცენტრაცია დარეგისტრირდა
კონკურენციის ეროვნული სააგენტო, 2022 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში სხვადასხვა კომპანიების მიერ დარეგისტრირებული კონცენტრაციების მონაცემებს აქვეყნებს.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უწყების მიერ კომპანიების კონცენტრაციების ყოველკვარტალურმა მონიტორინგმა, რომელსაც სააგენტო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ახორციელებს, აჩვენა, რომ ქვეყანაში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 4 902 კონცენტრაცია განხორციელდა. ამასთან, 4 898 შემთხვევაში, რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ოთხ შემთხვევაში აღნიშნული კრიტერიუმი დაკმაყოფილებული იყო, მაგრამ სამი მათგანი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა. ერთ შემთხვევაში კი სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა სააგენტოსთვის წინასწარ არ შეტყობინებას. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.
„კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა ხუთ მილიონ ლარზე მეტია. სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში კომპანიები, მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით დაჯარიმდებიან“, – აცხადებენ სააგენტოში.