კონკურენციის სააგენტო - 2021 წლის მეოთხე კვარტალში 4 872 კონცენტრაცია განხორციელდა, ერთი კომპანიის მიმართ კი საქმისწარმოება დაიწყო
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში 4 872 კონცენტრაცია განხორციელდა. განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში, სააგენტო ყოველკვარტალურად მონიტორინგს უწევს განხორციელებულ კონცენტრაციებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში ერთი კონცენტრაცია განხორციელდა სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინებით. თემა ეხებოდა ალკოჰოლური სასმელების/კვების სხვადასხვა პროდუქტისა და ჭურჭლის/სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობის ბაზარზე ორი კომპანიის კონცენტრაციას, რაზეც კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ თანხმობა გასცა.
„მეორე კონცენტრაცია განხორციელდა სააგენტოს წინასწარი შეტყობინების გარეშე. თემა ეხებოდა მშენებლობისა და სამშენებლო მასალების ვაჭრობის ბაზარზე ორი კომპანიის კონცენტრაციას. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმისწარმოება დაიწყო.
2021 წელს ქვეყანაში განხორციელდა სულ 21 423 კონცენტრაცია. ამ პერიოდში ორი კონცენტრაცია შედგა სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ერთი კონცენტრაცია განხორციელდა სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრა კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა, საკითხის შესწავლის შემდეგ კი გაიცა თანხმობა“, – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე აღემატება 20 მილიონ ლარს. ამასთანავე, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება ხუთ მილიონ ლარს.
„განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში, სააგენტოს გვერდის ავლით, შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში, განისაზღვრება ჯარიმა – მაქსიმუმ ხუთ პროცენტამდე მოცულობით. თუ კონცენტრაციაზე დასკვნა უარყოფითია, სააგენტო მიმართავს სასამართლოს, რომ აღდგეს კონცენტრაციაში მონაწილე კომპანიების თავდაპირველი მდგომარეობა.
კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი“, – ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.